კახა კალაძე: უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს
თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა.
კალაძემ უკრაინელებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება არის მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპს. რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, თითოეული ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა უკრაინაში, ქართველი ხალხის სახელით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, პარტნიორი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.