პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების სფეროს, სისტემური ცვლილებების განხორციელებას გეგმავს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ სახელოვნებო განათლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოს და შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ პრეზენტაციის ფორმატში ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტის წევრებს, სხდომაზე მოწვეულ დიპლომატიური კორპუსის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გააცნო. როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, კულტურის კომიტეტმა დარგში განსახორციელებელ რეფორმებს შორის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სახელოვნები განათლების განვითარების ხელშეწყობა განსაზღვრა. „კულტურის კომიტეტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალი ხედვები სახელოვნებო განათლებასთან მიმართებაში.

ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციით და საზოგადოების ჩართულობით ამ სფეროში შესაძლებელი იქნება გატარდეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს წარმოადგენს. აუცილებელია ხარისხიანი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოში. მოზარდთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და მათი ინტელექტუალური ზრდის ხელშეწყობა. ქვეყანაში საჭიროა მომზადნენ კონკურენტუნარიანი ეროვნული კადრები, რომელთაც შეეძლებათ საერთაშორისო არტ სივრცეში ინტეგრირება. კულტურის კომიტეტს განსაზღვრული და შესწავლილი აქვს სფეროში არსებული გამოწვევები, ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

სახელოვნებო განათლების რეფორმაზე კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, კომიტეტი განსაკუთრებით ითვალისწინებს ლატვიის სახელმწიფოს საუკეთესო პრაქტიკას სახელოვნებო განათლების სფეროში. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო მისიების ჩართულობაზე.

„სასიხარულოა, რომ სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო მისიები, რომლებიც მხარს უჭერენ სახელოვნებო განათლების რეფორმას”,- აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. კომიტეტმა სახელოვნებო განათლებაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არა ერთი შეხვედრა და გასვლითი სხდომა გამართა. რეფორმის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა უკვე განახორციელა „ზოგადი განათლების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებთან ერთად მიეცემათ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებსაც.

სახელოვნებო განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლიდან კომიტეტი გეგმავს სახელოვნებო სწავლების ინოვაციური მოდელის პილოტირებას. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, რეფორმის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება, სადაც კულტურის კომიტეტთან ერთად, ჩართულები იქნებიან სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და მენიერების, ფინანსთა სამინისტროები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები