ზალკალიანი: ბოლო დღეების განმავლობაში, მუდმივ კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან

“ბოლო დღეების განმავლობაში, მუდმივ კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ მიუნხენში მე მას ფიზიკურად შევხვდი და ამ თემაზე ჩემი პოზიცია გავაჟღერე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო სამი დღის განმავლობაში მუდმივ სატელეფონო კავშირზეა კულებასთან.

“ბოლო 3 დღის განმავლობაში მე მასთან მუდმივად ვარ სატელეფონო კავშირზე და ჩვენი სოლიდარობა არაერთხელ იყო დადასტურებული მასთან სატელეფონო საუბრის დროს. მე ასევე შევხვდი უკრაინის ელჩს, იმ 3 სატელეფონო საუბრის პარალელურად, მქონდა ელჩთან მუდმივი კომუნიკაცია. პრემიერმინისტრის, დავალებით მე ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს და უკვე დღეს ვიხილეთ უკვე, რომ ჰუმანიტარული დახმარება არის მობილიზებული და ჩვენ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოს მთავრობის სახელით ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს აუცილებლად მივაწვდით. გარდა ამისა, უკრაინელი მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოში დარჩენილი, მათ უსასყიდლოდ მიეწოდებათ თავშესაფარი და ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ მათ ადგილზე, იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები