“შეიზღუდოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა” – ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ მარეგულირებელ კომისიას მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რეფორმების ჯგუფის“ სახელით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, წინ აღუდგეს საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით და შეუწყვიტოს რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მაუწყებლობა. ამის შესახებ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის, მისი პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა.

წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ. დღეს კი ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ომის პირობებში, როცა ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ და მწვავედ დადგა საქართველოში მაუწყებლობის მქონე რუსული სახელმწიფო არხების ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მუშაობა, რომლებიც ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ და ამით ხელსაყრელ გარემოს უქმნიან რუსეთს საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე შეტევის გასაძლიერებლად.

არსებული გამოწვევების და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე ცივილიზებული სამყაროს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად მივმართავთ საქართველოს მარეგულირებელ კომისიას – შეუწყვიტოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ მედია-საშუალებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები