უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივმა წარმომადგენლობამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებისა და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ შემოთავაზებული სანქციების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Interfax-Ukraine ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინამ IAEA-ს რუსეთის ფედერაციის ქმედებების მონიტორინგისთვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ჩერნობილის ობიექტზე მოქმედებები ეჭვქვეშ აყენებს არსებული უსაფრთხოების რეჟიმების ეფექტურობას. ასევე, უკრაინა ითხოვს რუსეთში შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე სანქციების დაწესებას და რუსეთის ხელთ არსებულ ბირთვულ მასალებზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას.
„უკრაინა განიხილავს IAEA-ს, როგორც უნიკალურ და ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციას და იმედოვნებს, რომ ღრმა შეშფოთების გამოხატვასთან ერთად, ის შექმნის პირობებს რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, მანამ, სანამ პრეზიდენტი პუტინი არ გასცემს ბრძანებას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, როგორც ბოლო არგუმენტი პირადი მიზნებისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია წერილში.
თავის მხრივ, მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უკრაინა სრულად ასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას ბირთვულ სფეროში და იმედოვნებს IAEA-ს წევრი სახელმწიფოს ქმედით და ეფექტურ მხარდაჭერას.
Write to Mariam Latsabidze