FIDE-ს გადაწყვეტილებით “მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 2022” მოსკოვში აღარ გაიმართება
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში აღარ გაიმართება. ფედერაციამ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღო.
„FIDE-ს საბჭომ გადაწყვიტა, რომ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, მათ შორის შეჯიბრებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისევე როგორც FIDE-ს კონგრესი, რუსეთში არ გაიმართება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიმპიადის სხვა ორგანიზატორი ვიპოვოთ და დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია FIDE-ს კონგრესის 2022 წლის ადგილისა და თარიღების შესახებ“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც მინსკში უნდა გამართულიყო, 2020 წლის დეკემბერში მოსკოვში გადაიტანეს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ოლიმპიადას რუსეთი უმასპინძლებდა 2020 წელს, ხოლო ბელორუსი – 2022 წელს. მოგვიანებით, კოვიდპანდემიის გამო, რუსეთის ტურნირი 2021 წლისთვის გადაიდო და ბელორუსმა გადაწყვიტა შეჯიბრებაზე უარი ეთქვა.