Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის განხორციელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუკრძალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური ქსელის სპეციალისტები რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ პუბლიკაციებზე შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას გააგრძელებენ.
„ვუკრძალავთ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის ჩვენებას და ჩვენს პლატფორმაზე მონეტიზაციის განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ცვლილებები უკვე შედის ძალაში და ამ მიმართულებით მუშაობა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გლეიჰერმა.