რუსი ტელეწამყვანი, რომელიც უკრაინასთან ომის წინააღმდეგი იყო, ეთერიდან მოხსნეს
ცნობილი რუსი შოუმენი და ტელეწამყვანი, ივან ურგანტი ეთერიდან მოხსნეს, ამასთან, გადაცემა – “საღამოს ურგანტი” პირველი არხის სამაუწყებლო ბადიდან ამოიღეს. არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წამყვანმა უკრაინასთან ომი გააკრიტიკა.
ამის შესახებ გამოცემა „სააგენტო“ იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, გადაცემაში – “საღამოს ურგანტი”, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში, მთელი კვირის მანძილზე “რაღაც უცნაური ხდება”.
გადაცემის ბოლო გამოშვება ორშაბათს, 21 თებერვალს გავიდა ეთერში, ხოლო სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არხის ეთერში სხვა გადაცემების ჩვენება დაიწყო. გაზეთებში გამოქვეყნებულ, პროგრამის გზამკვლევში “საღამოს ურგანტი” არ იყო. გამოცემა აცხადებს, რომ ასე წინასწარ იყო დაგეგმილი.
პარასკევს, 25 თებერვალს გადაცემა დაგეგმილი იყო, მაგრამ ისევ გაუქმდა. სამაგიეროდ, აჩვენებენ პოლიტიკურ შოუს – „დიდი თამაში“.