მამუკა ხაზარაძე: არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვება მანდატის საკითხი არ არის, რადგან საქმე ქვეყნის მომავალს ეხება
ბადრი ჯაფარიძე არის ის კანდიდატურა, რომელიც არა მარტო რუსთაველების და მათი პრობლემების ადვოკატი და დეპუტატი იქნება, არამედ ბადრი ჯაფარიძე იმ ზომის პოლიტიკოსია, რომელსაც მთელი საქართველოს წარდგენა შეუძლია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვება მანდატის საკითხი არ არის, რადგან საქმე ქვეყნის მომავალს ეხება.
„მინდა, რუსთაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში არჩევანი მანდატის საკითხი არ არის, ეს არის შემოტრიალების წერტილი, სადაც რუსთაველები აუცილებლად დადებენ გამარჯვების „ლელოს“, აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს ხვალინდელ და მომავალ ცხოვრებას, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქართულმა საზოგადოებამ ცხოვრება. რუსთავი სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც გამარჯვების პრეცედენტი უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება, რადგან ბადრი ჯაფარიძე არის ის კანდიდატურა, რომელიც არა მარტო რუსთაველების და მათი პრობლემების ადვოკატი და დეპუტატი იქნება, არამედ ბადრი ჯაფარიძე იმ ზომის პოლიტიკოსია, რომელსაც მთელი საქართველოს წარდგენა შეუძლია, რაც არაერთხელ გაუკეთებია როგორც აშშ-ში, ისე ბრიუსელში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. მის კანდიდატურას მხარს უჭერს ოპოზიციის ნაწილიც.