ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესს 6 ბრალდებული დაესწრო.
ბრალდების მხარემ მოწმის სახით ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი, ანა ბროლაძე გამოკითხა.

საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, ანა ბროლაძე ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი იყო და და აღწერა ის ვითარება, როდესაც ათეულობით ადამიანი ურტყავდა „პირველი არხის” ოპერატორს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ დანიშნული იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დღეს მიიღეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს შეუძლია პასუხი აგოს კანონის წინაშე, ვინაიდან „შეურაცხადობა არ დაუდასტურდა”.

,,დღეს კვლავ გაგრძელდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხა ,,პირველი არხის” ჟურნალისტი ანა ბროლაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის უშუალო შემსწრეც თავად გახდა. ანა ბროლაძე იყო თვითმხილველი ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების და აღწერდა იმ ვითარებას, როდესაც ათეულობით ადამიანი ურტყავდა „პირველი არხის“ ოპერატორს.
ამასთან, დღეს ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ დანიშნული იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დღეს მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს შეუძლია პასუხი აგოს კანონის წინაშე და შეურაცხადობა არ დაუდასტურდა. აღნიშნული ბრალდებული მანამდე მკურნალობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები