გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ახალი მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების საკითხებზე სწავლება გაიარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია VAISALA. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის კომპანიის VAISALA წარმომადგენელმა მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები გამართა.
ახალი მეტეოროლოგიური რადარი ექსპლოატაციაში უახლოეს პერიოდში შევა, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ანალოგიური რადარი გასულ წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განათავსა.