„წიგნობანა“ დაიწყო
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „წიგნობანა“ დაიწყო. პირველი ლექცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა. როგორც მოზარდებისთვის, ასევე გოგა ჩანადირისა და მაკა შალიკაშვილისთვის პირველი ლექცია ლიტერატურისა და მეტყველება-მსახიობის ოსტატობის შესახებ საკმაოდ ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.
„თურმე, ძალიან მომნატრებია ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვა და „წიგნობანამ“ ეს შესაძლებლობა მომცა. ჩემი სურვილია, პროექტის მასშტაბები გაიზარდოს და უფრო ბევრ ადამიანთან მივიტანოთ წიგნი და ლიტერატურის სიყვარული. ჩვენ გვესმის, რომ განათლებულ საზოგადოებაშია სიმდიდრეც და სიძლიერეც. რომ მივყვეთ კონფუცის იდეას ასწლიანი გეგმის შესახებ, უნდა მივცეთ შვილებს განათლება. რატომაც არა, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა, ყველა ბავშვთან მივიტანოთ წიგნი“, – ამბობს გოგა ჩანადირი.
მაკა შალიკაშვილის განაცხადებით, „წიგნობანა“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და ახალგაზრდებს წიგნებთან დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.
„მთელი სულითა და გულით მივესალმები ასეთ წამოწყებას და იდეის ავტორებს. ეს პროექტი ემსახურება იმ უდიდეს საქმეს, რომელსაც წიგნებთან დაბრუნება ჰქვია. რაღაც მხრივ, ახალი თაობა მიეჩვია ე.წ. „გუგლის განათლებას“. ხშირად ისიც კი გვიხარია, თუ ბავშვებმა „გუგლში“ მაინც წაიკითხეს რაღაც და მისი მოკლე შინაარსი მაინც იციან. ეს უკვე ამ ყველაფერთან შეგუებაა. წიგნის სიყვარულით იწყება არა გადმოცემით, წარმოსახვით ან ლაპარაკით, არამედ, უშუალოდ, წიგნის ხელში ჭერითა და კითხვით. პირველ რიგში, ბავშვმა ის უნდა დაინახოს, თუ როგორ უჭირავს წიგნი ხელში ჯერ მის მასწავლებელს და შემდეგ – თავად.ამ პროექტის ფარგლებში, ბავშვები წაკითხული წიგნებიდან პერსონაჟებს გაარჩევენ, განასახიერებენ და ჩაწერენ აუდიოწიგნებს. მინდა, დახელოვნებაში, ტექსტის გააზრებაში, მეტყველებაში და ჩაწერის პროცესში დავეხმარო ამ ჩვენს უსაყვარლეს თაობას, რომელზეც მე ნამდვილად ვგიჟდები. მათ სასაყვედურო არაფერი აქვთ. სასაყვედურო გვაქვს მათ მშობლებს, გარემოს.. ჩვენ მხოლოდ ვსაყვედურობთ, რომ წიგნი წაიკითხონ, თუმცა თავად არ ვაჩვენებთ ამის მაგალითს,“ – აღნიშნავს მაკა შალიკაშვილი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „წიგნობანას“ ფეისბუქგვერდს: https://www.facebook.com/tsignobana2022
შეგახსენებთ, რომ „წიგნობანა“ ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურის ირგვლივ აერთიანებს. კომპანია „ქოლგას“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ამ პროექტით, მოზარდებისთვის საოცარი მოგზაურობა იწყება.
პროექტის ავტორების მიზანი მოზარდებში წიგნის პოპულარიზაციაა, რასაც ისინი სხვადასხვა საინტერესო მეთოდით აპირებენ. „წიგნობანას“ ფარგლებში, ბავშვები წაიკითხავენ და იმსჯელებენ სხვადასხვა წიგნსა თუ პერსონაჟზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში და პირადად შეხვდებიან მწერლებს, პოეტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.
„წიგნობანას“ ფარგლებში, მოზარდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტყველების, პოზიციონირებისა და სპიკერის უნარ-ჩვევების მართვის, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ლექციები, რაშიც ბავშვებს მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დაეხმარებიან.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი განმარტავს, წაკითხულ ნაწარმოებებს ბავშვები გაახმოვანებენ და შექმნიან „წიგნობანას“ აუდიობიბლიოთეკას. ამ აუდიოწიგნებს კი, ბიბლიოთეკის ვებგვერდის საშუალებით, სამომავლოდ სხვა ბავშვები მოუსმენენ.
„წიგნობანაში“ რეგისტრაცია გრძელდება! თუ ჯერ კიდევ არ ხართ „წიგნობანას“ წევრი, გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი : https://forms.gle/nMQZ9797moJ1abwH9