“ფეხებზე გვკიდია დასავლეთისა და აშშ-ის აზრი!” – ჟირინოვსკის პარტია დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარებას მხარს უჭერს
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია(ლდპრ) დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უჭერს მხარს.
პარტიის ფრაქციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო “1997 წლის საზღვრებამდე უნდა გაეთრეს”.
„სრულად ვუჭერთ მხარს დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და 2022 წლის 22 თებერვალს მთელი უკრაინის დაბრუნება დაიწყო მის ისტორიულ წიაღში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიაში აცხადებენ, რომ დადგა დრო გადამწყვეტი, სწრაფი მოქმედებისთვის.
„დასავლეთის და აშშ-ის აზრი ფეხებზე გვკიდია! რადგან ახლა საკითხი რუსეთის შენარჩუნებაზეა, იმაზე – თუ რა სახელმწიფოში, რა უფლებებითა და თავისუფლებებით იცხოვრებენ ჩვენი შვილები, საბოლოოდ, გავთავისუფლდებით თუ არა გაუთავებელი სტაგნაციის უღელისგან, როცა ყოველწლიურად ახალ-ახალ სანქციებს დააწესებენ, დაგვამცირებენ? – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია ამბობენ, რომ „ახლა მთავარი ამოცანა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა საკითხის მოხსნაა. ნატო რუსეთის საზღვრებიდან 1997 წლის საზღვრამდე უნდა გაეთრეს, და როდესაც ეს მოხდება, ამ ალიანსის საჭიროებაც აღარ იქნება, ის დაიშლება. გლობალური ბლოკები შეიცვლება რეგიონულით, მაგალითად, უკვე შექმნილია AUKUS-ის (აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია). აი, ესენი დაკავდებიან იმით, ზღვაში აფრიკელი მიგრანტების ნავებს გამოიჭერენ. ევროპაში ბლოკები აღარ უნდა იყოს”..
ამასთან, მათი თქმით, რუსეთი გაფართოებას არ აპირებს.
„ჩვენთვის მთავარია საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები. და როცა მათ მივიღებთ, შევძლებთ შიდა პოლიტიკით დაკავებას, დემოკრატიის განვითარებას, ყველა მოქალაქის დასაქმებას მინიმუმ 50 000 რუბლის ხელფასით, უზარმაზარი თანხების ინვესტირებას განათლებაში, ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურაში, გზებში“, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.
ლდპრ-ში აცხადებენ, რომ „22 თებერვალი – არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, რუსეთისთვის ახალი დასამახსოვრებელი თარიღი, ისევე როგორც 9 მაისი, როდესაც ჩვენ – დავამარცხეთ ჰიტლერი და 18 მარტი, როდესაც ყირიმი დაბრუნდა“.