“ლელო საქართველოსთვის” რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილებას გმობს

“ლელო საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების, ლუჰანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ”, – ამის შესახებ განცხადებას პარტია “ლელო საქართველოსთვის” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის (გაერო-ს დამფუძნებელი აქტის, ჰელსინკის აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის) და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა.

“რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით.

„ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები