თამარ გაბუნია – ეპიდვითარებაზე: გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია
“გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის და დაღმავალ ფაზაში გადავდივართ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების კლების ტენდენცია იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი ხასიათდება ზოგადად, შემთხვევების დაბალი რაოდენობით, გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ არის სტაბილიზაციის ნიშნები და დაღმავალ ფაზაში გადავდივართ. ხვალინდელი და მომდევნო დღეები საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება, გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი. ჯერჯერობით, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, კარგია, რომ პაციენტების რაოდენობა არ იმატებს და პირიქით, არის კლება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა, ამას ვხსნით გარკვეულწილად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, მაინც ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მდგომარეობის მდგრადი სტაბილიზაცია. განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია”, – განაცხადა გაბუნიამ.