“მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ მიუღებელია” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს პასუხობს

მიუღებელია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება, მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული, ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლებასა თუ შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს.

“ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია და ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც წამოიწყო პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ,”- განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების გასაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ გასაიდუმლოებაზე. ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია სულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები