კომიტეტმა „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი გააცნო.
მისი განცხადებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია, შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახლის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება.
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას”, – განაცხადა დავით გაბაიძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.