„რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი უკრაინის შუაზე გაყოფაა“ – ზაალ კასრელიშვილი

რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი უკრაინის შუაზე გაყოფაა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კასრელიშვილი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, პოლიტოლოგებთან, პოლიტიკოსებთან კარგი და ხშირი კონტაქტები გვაქვს. სავარაუდოდ, ვიცით, რა პროცესები მიდის, მშვიდად არიან, პროვოკაციებს არ ჰყვებიან. უკრაინის ხელისუფლებას იწვევენ, ე.წ. დონბასის და ლუგანკსის რესპუბლიკების სახალხო რაზმები, უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ჯარის პოზიციების მიმართულებით ისვრიან. მაგრამ უკრაინელები ამ პროვოკაციებს არ ჰყვებიან, ისინი მიიჩნევენ, რომ თუ ეს შენაერთები დაიძრებიან და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავლებულ დაშორიშორების ხაზს გადაკვეთენ, მაშინ აუცილებლად უპასუხებენ. ჩანაფიქრია ისეთი, რომ უკრაინის არმიამ უპასუხოს, შეტევაზე გადავიდეს, ეს ზღვარი გადალახოს, შემდეგ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობას ხელ-ფეხი გაეხსნება იმისათვის, რომ 200 000-იანი კბილებამდე შეიარაღებული არმიით ყველა მიმართულებიდან შეუტიოს. ვერსია რამდენიმეა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროგრამა მინიმუმი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში შესვლა, რეფენრენდუმის ჩატარება და რუსეთზე პირდაპირ შეერთებაა. პროგრამა მაქსიმუმი უკრაინის შუაზე გაყოფა და ასევე პირდაპირ მიერთებაა. ვფიქრობთ, რომ ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებით შეტევები იქნება, თუმცა, ფლანგებიდანაც აუცილებლად შეუტევენ. ამას უკრაინის არმია და სახელმწიფო გულხელდაკრეფილები არ შეხვდებიან და არც ხვდებიან“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირება თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.

„ახლა მთავარია, ნატო და დასავლეთი უკრაინის ხელისუფლებას და არმიას რა ხარისხით და რამდენად ოპერატიულად დაეხმარებიან. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ თუ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდა, რუსული არმია პირდაპირ კიევისკენ დაიძრას.
რუსეთსა და დასავლეთს შორის 30 წლის წინ დაწყებული დაპირისპირება თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. რუსეთი ან იმარჯვებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ინგრევა, ან მარცხდება და ახლავე მთელი მსოფლიოს მხრიდან ძალიან ცუდი საქციების და ზეწოლის ქვეშ ექცევა. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გამოსავალი არ აქვს. მან ისე ღრმად შეტოპა, თავისი გავლენების აღგდენისთვის იმდენი რამ დააშავა და გააფუჭა, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს. უკან დასახევი გზა არც ნატო-ს და დასავლურ ცივილიზაციას აქვთ. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა და ნატო-მ ცხვირი ცხვირზე მიადეს. ნატო-მ დაახვედრა სწორედ ის ძალა, რომელსაც რუსეთის გაჩერება შეუძლია. რამდენად ოპერატიულად და რა ხარისხით მოახერხებს დახმარებას, ეს მასზეა დამოკიდებული.
ჩვენ ეს 2008 წელს გვაქვს გავლილი. სცენარი აბსოლუტურად იგივეა. სამხედრო გადაადგილების პრინციპიც კი იგივე აქვს. გამარჯვებს ისევ რაოდენობის ხარჯზე აპირებს. დასავლეთის დახმარების ხარისხს რაც შეეხება: დარწმუნებულები ვართ, რომ რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთსა და შავ ზღვაში ნატო-ს საკმარისი რაიონების სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული იმისათვის, რომ სარაკეტო და საავაციო დარტყმები მოიგერიონ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მან საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა. ანალიტიკოსის თქმით, საქართველო ისტორიულ მისიას უნდა დაუბრუნდეს. კასრელიშვილის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის მისია ეკონომიკაშიც, პოლიტიკაშიც და კულტურაშიც რეგიონული ლიდერობა იყო.

„აუცილებლად მინდა, შევეხო ჩვენი მთავრობის ნატო-ს მინისტერიალზე გამოსვლებს და შეხვედრებს. ბოლო დროის მანძილზე მაღალი დონის ფორუმებზე, მაღალი დონის ტრიბუნებიდან ჩვენი ხელისუფლების გამოსვლები ყოველთვის რეგიონული ჰაბის ინტერესებსა და ამბიციებს უკავშირდება. ჩვენი შანსი ესაა. უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. უკრაინაში საერთაშორისო საზოგადოების დიდი ყურადღება და ზღვა კაპიტალი მივა და ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებენ. ჩვენ, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანა, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანას, ჩვენი მდგომარეობა გასარკვევი გვაქვს. მდგომარეობას ვერ გავარკვევთ, თუ სტატუსი არ გვაქვს. სტატუსს ვერ გავარკვეთ, თუ არ ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვინდა, საქართველო ისტორიულ მისიაში დაბრუნდეს. საქართველოს მისია ეკონომიკაშიც, პოლიტიკაშიც, კულტურაშიც რეგიონული ლიდერობა იყო. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ასე უნდა გააგრძელოს, ყველა ტრიბუნიდან რეგიონული ჰაბის ლიდერის პოზიციებიდან უნდა ილაპარაკოს, ეს აღიარება უნდა მოითხოვოს. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ დასჭირდა, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების პერიოდში, მით უმეტეს, თუ ეს გრძელვადიანი გახდა, როცა უნდა, საქართველოს მაშინ გადაკეტავს, შუაზე გაყოფს. კი არ გაშინებთ. ეს ხომ გავლილი გვაქვს, ეს ვიცით.
რეგიონში ჩვენი ფუნქცია უნდა დავიბრუნოთ. კონფლიქტებიც, სოციალურ-ეკონომიკრ პროცესებიც და სერიოზული ბიზნესპროექტებიც ერთობლივი ძალისხმევით თბილისში უნდა განვიხილოთ. თბილისი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისათვის ცენტრი უნდა იყოს.
მინდა, კონფედერაციის გამგეობის სახელით, ინიციატივით გამოვიდე: საქართველოში ხელისუფლებას და ოპოზიციას მივმართავ – სანამ უკრაინაში არ გაირკვევა გრძელვადიანი ომი იქნება, თუ მოკლევადიანი, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე, იქნებ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ. ლანძღვა-გინება დავამთავროთ მანამ, სანამ არ გაირკვევა, რუსეთს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე რა გეგმები აქვს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები