ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ნოტარიუსებისთვის 70 წლამდე უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

როგორც მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, არსებული ნორმატიული მოწესრიგება ითვალისწინებს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში ნოტარიუსებისთვის 70 წლამდე უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. „როდესაც 65 წელს აღწევენ ნოტარიუსები, გამოხატავენ მუშაობის გაგრძელების სურვილს, მაგრამ ჩანაწერი კანონში არ არის მკაფიო და ჭირს გადაწყვეტილების მიღება, უნდა გაუგრძელდეს თუ არა ამა თუ იმ ნოტარიუსს უფლებამოსილება,”-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის დადგენა სიცხადეს შეიტანს როგორც ნოტარიუსთა, ასევე, ნოტარიუსთა პალატის საქმიანობაში და სანოტარო საქმის ადმინისტრირებაში. კანონის მიღება, აგრეთვე, განტვირთავს საერთო სასამართლოებს ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე უარის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებული დავების განხილვისგან. დეპუტატებმა კანონპროექტის გარკვეულ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტის რეკომენდაციები ასახული იქნება დასკვნაში, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია კი მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები