იაგო ხვიჩია: ამომრჩეველს ის აბნევს, როცა პარტიამ არ იცის, რა უნდა – პარტიებს შორის ლაპარაკში პრობლემას ვერ ვხედავ
პარტიებს შორის ლაპარაკში პრობლემას ვერ ვხედავ, რა შედეგს მიაღწიეს, ვნახავთ, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ირმა ინაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის შეხვედრას.
მისი თქმით, კარგია, თუ „ლელო“ მიხვდა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება და მათთან საუბარი დაიწყო.
„ამომრჩეველს ის აბნევს, როცა პარტიამ არ იცის, რა უნდა. როცა პარტიამ იცის, რომ მას სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდება და მათ ლიდერებს ხვდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია. კარგია, თუ „ლელო“ მიხვდა და პარტიებთან საუბარი დაიწყო. შედეგს მომავალი გვაჩვენებს, ეს ამბავი როგორ გამოუვათ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ბადრი ჯაფარიძის პარტია “გირჩს” ამ დრომდე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის იტოვებენ”.
„ლელო“ ჩვენ რატომ არ შეგვხვდა, ეს მათ უნდა გკითხოთ. როგორც ჩანს, გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ იტოვებენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.