გურამ მაჭარაშვილი: ბადრი ჯაფარიძის პოზიციები არ არის სახარბიელო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდა
ბადრი ჯაფარიძის პოზიციები არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც რესურსებს ეძებს, რაც მისთვის ძალიან წამგებიანია.
“ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც რაღაც რესურსებს ეძებს, რაც ჩემი აზრით, ძალიან წამგებიანია, ამ შემთხვევაში, პირადად ჯაფარიძის კანდიდატურისა და ზოგადად პარტია „ლელოსთვის“.
არ მგონია, რომ პერსპექტივა ჰქონდეს ამ შემთხვევაში ჯაფარიძის კანდიდატურას. მით უფრო ისეთ პარტიებთან, რომლის მიმართაც მათი გამოთქმები და პოზიციები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. მათი აზრით, მკვეთრად არიან გამიჯნული პრორუსულ პარტიებთან, რომელიც მათთვის მიუღებელია. რატომღაც, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება ნათქვამი სიტყვის გადათქმა, ბუნებრივია, ქართული ელექტორატი ამას ცუდად იღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებით 4 დეპუტატს მანდატი შეუწყდა, მათ შორის, “ლელოს” ლიდერს – ბადრი ჯაფარიძესაც. მოგვიანებით, პარტიამ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. საუბარია ჯაფარიძის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად წარდგენაზეც.