თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

არსებული ინფორმაციით, პროცესს დაესწრება მსჯავრდებული სააკაშვილიც.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ‘’ნაცმოძრაობის’’აქციაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები