სამინისტრო: კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული გეგმის განხილვაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს შეუძლია – „რიონის ხეობის მცველები“ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება – განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს.
„ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ.
ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია:
1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა;
2. მეთოდოლოგია 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებისთვის ( პროგნოზების შემუშავების მეთოდოლოგია. მეთოდი, მოდელირების ჩარჩო, სცენარების განსაზღვრა. გასული ტენდენციების ანალიზი და საბაზისო წლის ინფორმაცია: მონაცემთა წყაროები, ტენდენციები და ძირითადი მიგნებები);
3. TIMES-ის მოდელის შაბლონების აღწერა (მოდელის გასაზიარებლად შეთავაზებული იქნა NDA -გაუთქმელობის ხელშეკრულება). წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის გენერაციის განვითარების სცენარები;
4. ენერგოეფექტურობა;
5. ენერგეტიკის სექტორის NECP სცენარების წინასწარი შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედების მიმოხილვა, რომელიც ექნება თითოეულ პოლიტიკის სცენარს სათბურის გაზების, განახლებადი ენერგოიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით);
6. დეკარბონიზაცია, სათბური გაზების ემისიები და განახლებადი ენერგიები;
7. წყალსაცავიანი ჰესები;
8. შეხვედრის თემაა: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“
9. შიდა ენერგეტიკული ბაზარი (ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა, ბაზრის ინტეგრაცია, ენერგეტიკული სიღარიბე);
10. კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა.
დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა 10 შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.