სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რამდენიმე სხდომის წინ აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე კი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
დღეს სასამართლო პროცესზე პროკურატურას ერთი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი. კერძოდ, კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომელი, რომლის დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოძიება დაინტერესებულია კიდევ ერთი პირით. ეს პიროვნება ბრალდებულ აკო ჭელიძის მეგობარი ნიკოლოზ ფეიქრიშვილია. თუმცა, რა როლი აქვს მას ამ საქმეში, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.