გენერალური პროკურორის მოადგილე – შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 834 პირის მიმართ დაიწყო, დაზარალებულად ცნობილი იქნა 895 პირი

2021 წელს პროკურატურას მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ჰქონდა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, საქართველოს პროკურატურაში 2020-2021 წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, რომელიც გამოიხატა პროკურორთა სპეციალიზაციის დანერგვაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და განგრძობად ტრენინგებში, საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაში, პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაში, 2021 წელს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

“შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 834 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილი იქნა 895 პირი, მათ შორის 893 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

მისი თქმით, დისკრიმინაციულ დანაშაულებზე სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებებისთვის, რათა სწორად დავგეგმოთ პოლიტიკა.

როგორც გენერალური პროკურორის მოდგილემ განაცხადა, აღსანიშნავია მემორანდუმი, რომელიც ერთიანი სტატისტიკის წარმოების გამოწვევის საპასუხოდ გაფორმდა 2020 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, რომლის საფუძველზეც პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო შეთანხმდა ერთიანი მეთოდოლოგიით სტატისტიკის წარმოებაზე.

გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებითვე, შეთანხმების შესაბამისად, 2021 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში. ამასთან, 2021 წლის სრული მონაცემები კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე 2022 წლის 1 მარტს გამოქვეყნდება.

“გარდა ყოველდღიური საპროკურორო საქმიანობისა, მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობა სხვა უწყებებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და არაერთი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა, რომლებზეც საერთო პრინციპები და მიმართულებები იქნა დასახული. ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო ამ მიმართულებით ევროპის საბჭო. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა HELP-ის სასწავლო კურსი თემაზე – “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“, რომელშიც მონაწილეობას 25 სპეციალიზებული პროკურორი იღებდა.

ასევე, პროკურატურა 2021 წლის 15-18 ნოემბერს ჩაერთო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ,,თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა.ს

მიუხედავად პროგრესისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ მუშაობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები