აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის განცხადებას უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის დაწყების შესახებ “სიცრუე” უწოდა და აღნიშნა, რომ, რეალურად, რუსეთმა საზღვართან კიდევ 7000 ჯარისკაცი გადაისროლა.
ამის შესახებ ადმინისტრაციის დაუსახელებელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, – იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური.
„რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჯარების გაყვანა დაიწყო უკრაინის საზღვრიდან. ამ მტკიცებულებმა დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც აქ, ისე – მთელს მსოფლიოში. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს სიცრუე იყო“, – თქვა მან.
მაღალჩინოსნის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 7000 ადამიანით, ზოგიერთი მათგანი ადგილზე სულ ახლახან ჩავიდა.
მისივე თქმით, აშშ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ყალბი საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის. საბაბი შეიძლება, იყოს პროვოკაცია დონბასში, განცხადება ნატო-ს მოქმედების შესახებ ხმელეთზე ან ზღვაზე, ან განცხადება რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
“ისევე, როგორც რუსეთის განცხადებები ჯარების გაყვანის შესახებ იყო ცრუ, ასევე იქნება ცრუ საბაბი, რომელსაც ისინი მოიგონებენ ამ ომის გასამართლებლად”, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.