გიორგი ცუცქირიძე: რუსულმა იმპერიულმა ამბიციებმა სერიოზული მარცხი განიცადა

“რუსეთის სურვილი – მსოფლიო გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციისას ერთ-ერთ პოლუსად ქცეულიყო, სურვილად დარჩა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძის თქმით, პუტინმა დასავლეთის შანტაჟით, პრაქტიკულად, ყველაფერი წააგო.

“რუსულმა იმპერიულმა ამბიციებმა სერიოზული მარცხი განიცადა.

რუსეთის სურვილი მსოფლიო გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციისას ერთ-ერთ პოლუსად ქცეულიყო სურვილად დარჩა.

პუტინმა ამ ულტიმატუმით და დასავლეთის შანტაჟით წააგო, პრაქტიკულად, ყველაფერი.
ვერ შეძლო ევროპის გახლეჩა, რაზეც მთელი აქცენტები კეთდებოდა. ვერც გერმანია და ვერც საფრანგეთი, რომლებსაც ნატო -ში რუსეთის მხარე ხშირად ეჭირათ, ვერ დაუპირისპირა იგივე აშშ-ს, რაც, სამწუხაროდ, ბუქარესტის სამიტზე გამოუვიდა. დასავლეთი ერთიანი იყო, როგორც ნატო-ს არგაფართოების საკითხის ოფიციალურ დოკუმენტად ქცევის, ასევე 1997 წლის სტატუსკვოსთან დაბრუნების მიუღებლობაში. ეს განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მოსკოვში ვიზიტის შედგომმა კომენტარებმაც აჩვენა, როდესაც მან რუსეთის წინადადებების მიუღებლობაზე გააკეთა მკვეთრი აქცენტები. გერმანიის კანცლერის განცხადებაც უახლოეს პერიოდში უკრაინის ნატო- ში არმიღებაზე, მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი იყო. ამ ეტაპზე არც უკრაინის და არც საქართველოს მიღება არც განიხილებოდა.

ნატოს გენერალური მდივნის ბოლო განცხადებებიც და ორ დღეში საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ბრიუსელში ვიზიტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიან პოზიციასაც უსვამს ხაზს.

ნატო არა თუ გავიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან, არამედ პირიქით. განსაკუთრებით ყოფილი ვარშავის ბლოკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისი პოზიციების გაძლიერებით, კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსეთს.

რუსეთს მარტო ეს სამხედრო შანტაჟი, სხვადასხვა მონაცემებით, 12 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა, პუტინმა თავადვე დააყენა დიდი კითხვის ქვეშ
“ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის” პერსპექტივა, რადგან ევროპა და აშშ უკვე ღიად განიხილავენ ევროპისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს, მათ შორის ყატარიდან.”- წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების ინიცირებით, რუსეთმა უკრაინა არა თუ დააშინა, არამედ კიდევ უფრო შეკრა.

“პუტინის ჩანაფიქრის სრული კრახი, დასავლეთის ერთიან პოზიციასთან ერთად, უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაცია იქცა. ამ მუქარებით მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების ინიცირებით, რუსეთმა უკრაინა არა თუ დააშინა, არამედ კიდევ უფრო შეკრა და უნდა ითქვას უკვე საბოლოოდ დაკარგა და ვერც პროვოკაციაზე წამოიკიდა. გარდა პოლიტიკური ელიტის კოლაბორაციონალისტური ნაწილისა და რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისა, უკრაინის ხელისუფლებამ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

რუსეთში დიდი ცვლილებები კარს არის მომდგარი. რუსები ისტორიულად ვერ იტანენ წაგებულ მმართველებს. მეტად სიმპტომური იყო პუტინის ბოლო ვიდეორგოლი, არა მხოლოდ ლავროვის ტექსტების გამო, დასავლეთთან მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაზე, არამედ თავად თათბირის ფორმატი, სადაც პუტინი იჯდა თავისივე უახლოეს გარემოცვასთან არა 2-3 მეტრიანი, ან ხუთმეტრიანი დაშორებით, როგორც თუნდაც მაკრონთან შეხვედრისას, არამედ თითქმის 20- მეტრიანი დაშორებით. ესეც შიდა სახელისუფლებო დაპირისპირების და უნდობლობის მაჩვენებელია.

რუსული პარტია სრულდება პოსტსაბჭოთა სივრცეში და ბუნებრივია, საქართველოშიც. და თუ დღეს ღამე უკრაინაში მაინც შეიჭრება, ეს პროცესი კიდევ უფრო გარდაუვალი გახდება.

წინა პოსტებშიც აღვნიშნე, რომ ჩვენ გლობალური ცვლილებების პერიოდში კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ პოლიტიკური ძალისხმევა ვაშინგტონ-ლონდონის მიმართულებით. გარდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერისა, თუნდაც აშშ- სთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიიდან ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მიღებაზე.

დღეს მთავარი გამოწვევა არა რაღაც 3+3 ტიპის ფორმატებში გაერთიანება, ეკონომიკური სარგებლის მიღება, არამედ უპირველესად უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს. ლონდონის მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციები და მისი ახალი ინიციატივაც, ლონდონი-ვარშავა-კიევის სტრატეგიულ ალიანსზე და მასში მონაწილეობაც სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი.

გეოპოლიტიკა ბევრ რამეს წყვეტს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვეყნების დროული და მომავალზე გათვლილი არჩევანია. ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ამას ადასტურებს.

ჩვენ ერთხელ ეს შანსი, ჩვენივე უგუნურობით და არაშორსმჭვრეტელობით, გასული საუკუნის 20- იან წლებში ხელიდან გავუშვით, ცალკე ჟორდანიას მთავრობის სოციალისტური მრწამსიდან ბოლშევიკური რუსეთისადმი ზედმეტი ნდობის და ცალკე, მსოფლიოში მიმდინარე გადანაწილების ჯეროვნად ვერ შეფასების და გერმანიის პროტექტორატად არჩევის გამო.

დრო ახლა ჩვენზე მუშაობს და არჩევანსაც ჩვენ გარეშე სხვა ვერავინ გააკეთებს!”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები