გიული ალასანია: ჩემს ქონებასთან ჩემს შვილს არანაირი კავშირი არ აქვს, მე ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან

7 ნოემბრის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებულის გათავისუფლება, არის თუ არა ექსპრეზიდენტის დედა მილიონერი – აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვებს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გადაცემაში – “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” უპასუხა.

ალასანია ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ყველაფერი აკონტროლოს.

“ჩემი შვილი საერთოდ რატომაა იქ, რა დანაშაულისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა ააშენა?! საინტერესოა. ყველა გაუგებრობაში ვართ. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. იმ წლებში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს.

რაც შეეხება 7 ნოემბერს – არცერთ დონეზე არანაირი განკარგულება ჩემი შვილისგან გაცემული არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც მე ვესწრებოდი სასამართლოს და არავინ მის წინააღმდეგ არავითარ ჩვენებას არ იძლევა. მისი განკარგულებით ეს არ ყოფილა, არ ვიცი – გახსოვთ თუ არა, ყველაფრის მიუხედავად, არცერთ დონეზე, არც ერთი განკარგულება ჩემი შვილისგან არ ყოფილა გაცემული, მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა გადადგა და წელიწად-ნახევრით შეიმცირა თავისი საპრეზიდენტო ვადა.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს – გირგვლიანი აღმოჩნდა სხვა ვითარებაში, ადამიანები რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ მის დაღუპვაში ისინი დაისაჯნენ. მათ ჰქონდათ მისჯილი. შემდეგ 2009 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სამხედროები, რომლებიც იყვნენ ციხეებში მათთვის გამოცხადდა ამნისტია და გაუნახევრდათ ვადა. მათ შორის იყვნენ აი ეს ადამიანებიც, რომლებიც ასევე სამხედროები იყვნენ. შემდეგ უკვე გაკეთდა სია, შეწყალებაზე და ამ საკითხებში ჩემი შვილი საერთოდ არ ერეოდა, ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. იქ იყო ძალიან კომპეტენტური კომისია, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე, მათ ჰქონდათ სრული ნდობა, ჩემი შვილი ამ დროს სხვა საქმეებით იყო დაკავებული, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ყველაფერი აკონტროლოს. ჩემი შვილი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, საერთოდ არ ყოფილა. ის მოსამართლე, რომელმაც შეიწყალა ახლა ასამართლებს ჩემს შვილს ე.წ. „პიჯაკების საქმეზე.

რომელი მილიონები ვიშოვე ან საიდან? მორიგი ტყუილია ეს. საიდან უნდა მეშოვა? არავითარი მილიონერი მე არ ვარ. ჩემს ქონებასთან ჩემს შვილს არანაირი კავშირი არ აქვს, არაფერ შუაშია. მე ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან. ერთადერთი, რაც მე შევიძინე, არის ერთადერთი ბინა ბათუმში, რომლის თანხასაც წლების განმავლობაში ვიხდიდი. შემდეგ, მე და ჩემმა მეგობარმა 2002 წელს, საქართველოს უნივერსიტეტის პირველი ნაკვეთი მილიონ სამასი ათასად შევიძინეთ. ეს მოხდა ეტაპობრივად. ჩვენ ყველაფერი შევიძინეთ ბანკის ვალებით”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები