დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მოისმინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მოისმინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში კომიტეტს სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა.

მისი თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაახლოებით 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ბაზრის შესწავლა და კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ეკონომიკური ანალიზი, ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასწარმოქმნის ანალიზი. მან ფარმაცევტული ბაზრის სამართლებრივი რეგულირების და ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების კონსოლიდირებული სტრუქტურის შესახებ ისაუბრა, გააანალიზა იდენტიფიცირებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპები და შესაბამისად ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. მისი მოცულობა, იმპორტისა და ექსპორტის დონე და ყურადღება გაამახვილა ასევე საცალო ბაზარზე.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, წინასწარ შერჩეული იყო ყველაზე მოთხოვნადი 6 მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ჯამში 120 მედიკამენტს მოიცავს, მათზე განხორციელდა ფასწარმოქმნის ზეგავლენის ანგარიში. ასევე, მონიტორინგის ნაწილი ეხება კანონმდებლობის ანალიზს, თუ რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ ბაზარი გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე, რამაც საბოლოოდ უნდა იმოქმედოს მოქალაქეების დანახარჯებზე. ირაკლი ლექვინაძემ, ბაზარზე არსებულ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა: „იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური ბაზარი, რომელიც უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, საჭიროა ძალიან მკაცრი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული რეგულაციები, რითაც გამოირჩევა ევროპული ბაზარი”. ანგარიშში ნათქვამია, რომ სარეცეპტო პოლიტიკის შესწავლის შედეგად საბაზრო ძალაუფლების ძირითად ინსტრუმენტად, სარეცეპტო პოლიტიკის გამოყენების პრობლემა გამოიკვეთა.

მომხსენებლის თქმით, საქართველოში მასიურად უნდა დაინერგოს ელექტრონული რეცეპტის ერთიანი სისტემა და მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ჯენერიკულ მედიკამენტებზე. მისივე განცხადებით ასეთი გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქართველოში მედიკამენტებზე დანახარჯების 25%-იანი შემცირება. ირაკლი ლექვინაძემ დეპუტატებს ის კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც მონიტორინგის შემდეგ შეიმუშავეს მედიკამენტებზე ხარისხობრივი და ფინანსური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შესამცირებლად. კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები