მინისტრთა კაბინეტის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დაიწყო
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დაიწყო. მინისტრებმა სამუშაო კაბინეტები დღეს დილიდან დაიკავეს. სამინისტროს მენეჯმენტთან თათბირიც გაიმართა. სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებული ყველა პროექტი გადაიხედება, რათა ისინი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. “აბსულუტურად ყველა პროექტის გადახედვას ვგეგმავ, ვფიქრობ მათი ხელმისაწვდომობა უნდა იყოს გაცილებით დიდი მასშტაბით ვიდრე დღესაა. ასევე ვგეგმავთ სარწყავი და საირიგაციო სისტემების სრულყოფას, კოოპერაციების ხელშეწყობას, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჩვენი თანამშრომლებისთვის როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრ, დავით შავლიაშვილიც. მინისტრმა ვანის მუნიციპალიტეტსა და საირმე-უდაბნოს გზაზე მომხდარი სტიქიის შესახებ დღეს დილით თათბირი გამართა. დღესვე, დავით შავლიაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა მეწყერისა და წყალმოვარდნის შედეგების მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის. რაც შეეხება გეგმებს, დავით შავლიაშვილის თქმით, სამინისტრო გაათმაგებული ძალისხმევითა და ტემპებით გააგრძელებს მუშაობას საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების, ნაპირდაცვის, ნაგავსაყრელების მოწესრიგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.