კახა გოგოლაშვილი: აშკარაა, რომ რუსეთი ომის მანქანას ქოქავს

“ყველაფერი მზად არის ომის დასაწყებად, ომის მანქანა დაქოქილია და დაძრულიც, მხოლოდ მუხრუჭებით არის დაჭერილი, როგორც კი აუშვებენ, მაშინვე გავარდება. მაგრამ კონკრეტული მოტივი, თუ რის გამო უნდა იომონ, არ ჩანს”,- ამის შესახებ რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში რეგიონში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ.

“ყველაფერი მზად არის ომის დასაწყებად, ომის მანქანა დაქოქილია და დაძრულიც, მხოლოდ მუხრუჭებით არის დაჭერილი, როგორც კი აუშვებენ, მაშინვე გავარდება. მაგრამ კონკრეტული მოტივი, თუ რის გამო უნდა იომონ, არ ჩანს. გასაგებია, რომ რუსეთი დასავლეთს სთხოვს ნატო-მ ჯარები გაიყვანოს, მაგრამ თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს შეუსრულებელი მოთხოვნა იყო. საქმე ის არის, რომ ნატო-ს გაფართოებას ომი ვერ შეუშლის ხელს. მეტიც, თუ რუსეთი უკრაინაში ტანკებით შევარდება და ასობით ადამიანის სისხლს დაღვრის, პირიქითაც შეიძლება მოხდეს… რაციონალური მოტივი არა, მაგრამ მოტივაცია არსებობს – დუმის დეპუტატებს თუ მოვუსმენთ, ამაში დავრწმუნდებით. ამის ნათელი მაგალითია ვიაჩესლავ მოლოტოვის გამოსვლა რამდენიმე დღის წინ, თუ როგორ ებრძვიან ნატო და ამერიკა რუსეთს აშკარად თუ ფარულად, მის საზღვრებთან ჯარებს აყენებენ და თურმე კიდევ რუსეთია აგრესორი. ეს ყველაფერი 30-40-იანი წლების ფილმიდან ამოღებულ კადრს ჰგავს, თუ როგორ ეძებდა ჰიტლერი ომის მიზეზებს. მთავარია, საბაბი იპოვოს კრემლმა და სწორედ ამის ძიებაშია ახლა. უკრაინის საზღვართან ამხელა სამხედრო ძალაა მობილიზებული ერთმანეთის პირისპირ და შეიძლება ნებისმიერ დროს გავარდეს ტყვია. სწორედ ეს არის კრემლის დიდი სურვილი, “მისდა უნებურად” დაიწყოს ომი და ამას ემსახურებოდა ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაც – პენტაგონში სულელები არ არიან, აშკარაა, რომ რუსეთი ომის მანქანას ქოქავს. ბელარუსში სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გახსნეს. თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი დიდი ბლეფი იყოს და იმით დასრულდეს ყველაფერი, რომ შეეშვას დასავლეთიც. უთხრას, – შენი იყოს ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი, ოღონდ თავი დაგვანებეო. თუმცა, რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორია დიდად არ სჭირდება, მისთვის აზოვის ზღვის ოკუპირება უფრო პრიორიტეტულია. რუსეთი შედარებით უმტკივნეულოდ დაიპყრობს უკრაინის შავიზღვისპირეთს, შეეცდება შეირგოს, მაგრამ ვერაფრით მოინელებს. ყირიმი კი გადაყლაპა, მაგრამ ბოლომდე ვერა – ყელში აქვს გაჩხერილი. რუსეთი ახლა ძალიან ახლოს არის ხრამთან, ნებისმიერმა ბიძგმა შეიძლება გადააგდოს. მის გარშემო მხარდამჭერთა წრე ვიწროვდება. ბრექსიტიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებთან შეუთანხმებლად შეუძლია იმოქმედოს, ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა. ევროკავშირის ქვეყნები კი, რუსეთთან ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ. ახლა ლონდონს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ანგლოსაქსური ალიანსის შექმნის შესაძლებლობაც იყო ავსტრალია-გერმანია-ბრიტანეთის მონაწილეობით ჩინეთის შესაკავებლად, ახლა კი, პოლონეთი-ბრიტანეთი-უკრაინის სამხედრო ალიანსი იქმნება რუსეთის შესაკავებლად. ამ ეტაპზე საქართველოს შესახებ არავითარი მინიშნება არ გაკეთებულა, ჯერ უნდა გაირკვეს, ვჭირდებით თუ არა ამ ალიანსში; სამხედრო ან ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ამ ალიანსის გაძლიერების რესურსი არა გვაქვს. ჯერ ის მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა, ვალდებულებები არ არის გაწერილი. შესაბამისად, არც ის ვიცით, რას მოგვცემს ეს ალიანსი. თუმცა ბრიტანეთთან, პოლონეთსა და უკრაინასთან თანამშრომლობა ძალზე მომგებიანია.

ანაკლიის პორტის აშენების სურვილი სახელმწიფოს რომ ჰქონოდა, აშენდებოდა იმის მიუხედავად, რომ რისკი დიდი იყო. რუსეთი ხელებჩამოშვებული არ იჯდებოდა – ახლომახლო კონფლიქტის გასაჩაღებლად მიზეზს იპოვიდა. აფხაზეთიდან იქამდე სულ ორი კილომეტრია და იმას დავინახავდით, რაც ახლა უკრაინის საზღვრებთან ხდება, შესაძლოა ანაკლიის ოკუპირებაზეც წასულიყო. თუმცა მთავრობას რომ მოენდომებინა, ამერიკასთან შეიძლებოდა მოლაპარაკება, ჩვენი პარტნიორებისთვის საკითხის სწორად მიწოდება და მუშაობა იქ ნატოს გემების ჩაყენებაზე. რუსეთისგან მომავალი რომ საფრთხეები დარჩა, ამიტომაც გაუჭირდა ანაკლიის კონსორციუმს საჭირო ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობას პროექტის გაგრძელების სურვილი რომ ჰქონოდა, შეეძლო მისი გაგრძელება, მაგრამ სხვა გზით წავიდნენ, რისკებს მოერიდნენ და ამერიკელებსა და სხვა პარტნიორებთან მუშაობით თავი არ შეიწუხეს. რამდენიმე ეტაპიანი პროექტის პირველი ეტაპი მაინც რომ მოესწროთ, რათა ნატოს გემების როტაცია მომხდარიყო, რუსეთს პორტის ოკუპირება გაუჭირდებოდა.

თუ უკრაინაში მასშტაბური ომი დაიწყო, ვითარებას სტრატეგიული აუცილებლობა და ტაქტიკური მიზანშეწონილობა მართავს. ამით იქნება განპირობებული, ანაკლიასა და ფოთსაც გადასწვდება თუ არა რუსეთი, თუ პორტებს დაბლოკავს, რათა ნატოს გემები არ შემოუშვას ლოჯისტიკური საჭიროებებისთვის. ეს კრემლისგან მოულოდნელი არ იქნება, ახლახან აზოვის ზღვა ჩაკეტა… 2008 წლის ომის დროს ფოთის ოკუპირება სულ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ცხინვალში თავისუფლად მანევრირება რომ შესძლებოდათ, საქართველო რომ უფრო სწრაფად დაესუსტებინათ, ფოთშიც შევიდნენ და დასავლეთის მაგისტრალიც ჩაკეტეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე მოხდეს, თორემ პუტინი პროპაგანდისტულ მანქანას ჩართავს და ანაკლიასაც აფხაზეთის ძირძველ ტერიტორიად გამოაცხადებს, როგორც აფხაზები გამოაცხადა აბორიგენებად აფხაზეთში და ოსები – ცხინვალის რეგიონში. თუ სადმე რუსული ჯარები შევიდნენ, ამას რა მოჰყვება, უკვე არაერთხელ ვიწვნიეთ – ან ძალიან დიდხანს რჩებიან, ან სამუდამოდ, სანამ რუსეთი არ დაიშლება.

საქართველომ უნდა გააასკეცოს ძალისხმევა, რათა რეგიონში არსებული საფრთხისგან როგორმე თავი დაიცვას. თუ პუტინმა მცირე ომი მაინც წამოიწყო დონბასში ან ლუგანსკში, შეიძლება წააგოს კიდეც, რადგან დანაკარგი მაინც დიდი ექნება და საბოლოოდ ჭაობში ჩაეფლობა, რადგან უკრაინის ძალზე მოტივირებული და კარგად მომზადებული არმია რეგიონებს ასე ადვილად არ დათმობს. ამიტომ კრემლისთვის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია იქნება ერთდროულად ხუთივე მიმართულებიდან შეუტიოს. ეს უკვე ნიშნავს მასშტაბურ ომს, რომელსაც მარტივად ვეღარ გააჩერებენ. ამ ყველაფერს კი საქართველო ასე იოლად ვერ დაუძვრება, თუ სამხედრო მოქმედებები შავ ზღვაში გაჩაღდა, მარიუპოლში დესანტი გადასხეს, პარალელურად კი ნატოს გემებიც შემოვიდნენ, რომლებიც დაზვერვის მონაცემებით, უკრაინას იარაღით ეხმარებიან, რუსეთი აუცილებლად მოისურვებს საქართველოს პორტების გათიშვას. თურქეთის პორტები დარჩება, მაგრამ რასაც მისწვდებიან, დაბლოკავენ. ომში გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიტიკოსები არ იღებენ, ბევრ რამეს სამხედროები წყვეტენ, რუს სამხედროებს კი, კარგა ხანია საქართველო მიზანში აქვთ ამოღებული. არც ის არის გამორიცხული, თრუსოს ხეობიდან შემოვიდნენ. დასავლეთი და ამერიკა სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ, მაგრამ თუნდაც კენიგსბერგიდან ბელარუსში სამხედრო შენაერთის გადმოსასვლელად ლიეტუვის ტერიტორია უნდა გაიარონ და სულაც არ არის გამორიცხული ამასობაში ლიეტუვის ჯარებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ყველანაირ ტვირთსა და სამხედრო ძალას დაბლოკავენ, ამის გასარღვევად კი რუსმა სამხედროებმა შესაძლოა ოპერაცია დაიწყონ. ამგვარ ვერსიებს განიხილავს ლიეტუვა, რადგან იცის, რომ ასეთი მეთოდები პუტინის ხალხის აპრობირებული მეთოდია. სხვათა შორის, თუ რუსეთი სამხედრო მოქმედებებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ჩაითრევს, მაშინ ნატო იძულებული გახდება თავადაც ჩაერთოს. მთელი რეგიონი დანის პირზე დადის, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს კი სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე, ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე აქვს სწორება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ თუ ომი დაიწყო, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება სამხედრო მოქმედებები. კი, ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპაში 3 ათასი სამხედრო გაგზავნა და კიდევ გაგზავნის, პარალელურად სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო რამდენად არის მოტივირებული შეძლებისდაგვარად მზადყოფნისთვის, ან მიმდინარე პროცესების ადეკვატური მაინც თუ არის, ეს არის საკითხავი. საფრთხე იმდენად მრავალფეროვანია, გონივრული სიფხიზლე გვმართებს. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულმა რეჟიმებმა, თვითნებურად მოინდომონ სამხედრო ოპერაციის ჩატარება. როდესაც საერთაშორისო ბალანსი ირღვევა და შემაკავებელი ძალები აღარ არსებობენ, პატარა ქვეყნებით დასახლებულ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის პროვოცირება იოლია. ოთხივე მხარეს გვყავს მეზობლები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე რომ, ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია, რომელიც ორ-სამ დღეში ჩაწყნარდება. ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ დამტკიცებას, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ, შიდა რყევებით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, საფრთხეებზე მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ომის დროს ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ რეალურ ომში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ნატოს წევრი ვართ თუ არა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში შეიძლება საქართველოც ნატოს მოკავშირე გახდეს. ალიანსის წევრობა მშვიდობიანობის დროს არის მნიშვნელოვანი, ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის. ომის დროს კი ის უფრო მნიშვნელოვანია, რომელ სახელმწიფოს რომლის მხარე უჭირავს. როდესაც კონფლიქტი დაცხრება და ამ დაპირისპირების შედეგად რუსეთი საკმაოდ დასუსტებული იქნება, შესაძლოა უკრაინა, შემდეგ კი საქართველო ძალიან მალე გახდნენ ნატოს წევრები”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები