“არჩევის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, შესამოწმებლად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში შევალ” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი

თუ ამირჩევენ – პირველ ყოვლისა, დავიწყებ სამართალდამცავი ორგანოებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესწავლით, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, ლელა ჯანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ შევიდეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დაცულ სფეროში.

“კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ შევიდეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დაცულ სფეროში და გაეცნოს მათ საქმიანობას და დააკვირდეს მას მიმდინარე რეჟიმში. ასევე, შეამოწმოს ის სამართლებრივი აქტები და ტექნიკური ინსტრუქცია, რომლითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ახორციელებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ელექტრონულ ბანკში მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები გახლავთ“, – განაცხადა ჯანაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, თუ რა პრინციპებით იხელმძღვანელებს თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

“მე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის – დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი. ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება.

როგორ გავაგრძელებ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში? მთავარი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმება, ასევე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი და ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ზუსტად ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მისი უფროსის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს იქნება მთავარი ფუნქცია, რაც აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი“,- აცხადებს ლალი ჯანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები