კახა კალაძე ავარიის მიზეზების დასადგენად, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყების ჩართვას ითხოვს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროსისტემის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, საქართველოს ენერგოსისტემაში გუშინ მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას მიმართოს.
“გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა იყო მაღალი გადამცემი ხაზის გათიშვის ძირითადი მიზეზები. თუ საჭიროა და თუ გაქვთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დივერსია, ჩართეთ საგამოძიებო უწყებები და მოგვახსენეთ დღის განმავლობაში”, – მიმართა კალაძემ საქართველოს ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს, სულხან ზუმბურიძეს დღეს, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, წუხელ დაზიანებული 3 გადამცემი ხაზიდან 1 აღდგენილია, დანარჩენი 2-ის აღდგენის მიზნით კი სამუშაოები მიმდინარეობს.
“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ღამით ელექტროსისტემაში შეგვექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის გამოც თითქმის მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს ჩვენ 2010 წელს სამჯერ – ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში გვქონდა. ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენ რამდენიმე საათში აღვადგინეთ. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდება. დაზიანებულია 500 კილოვოლტიანი ხაზი “იმერეთი” – მარტვილის რაიონში 106-ე ანძასთან გაწყვეტილია ხაზები, ასევე დაზიანებული იყო 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “კოლხიდა” და “პალიასტომი”. კოლხიდა გუშინ ღამესვე აღდგა, „პალიასტომსა“ და “იმერეთზე” კი მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის განმავლობაში დასრულდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ასევე ბოდიში მოვუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გამოწვეული ავარიისა და იმის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიწოდებოდათ”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები