ნათია მეზვრიშვილი: ველოდებით, რომ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება
“ველოდებით, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება დღევანდელ შეხვედრაზე”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, მათი მხრიდან აქცენტი მომავლის საკითხებზე გაკეთდება.
„ჩვენ ამ შეხვედრისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ველოდებით, რადგან წინა ორი შეხვედრა ერთგვარი, მოსამზადებელი შეხვედრა იყო და პრეზიდენტი სხვადასხვა აქტორისგან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აზრებს აგროვებდა. ველოდებით, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება დღევანდელ შეხვედრაზე. აქცენტი ჩვენი მხრიდან მომავლის საკითხებზე გაკეთდება. გარკვეული შეფასებები იყო წარსულის გადაფასებაზე, წარსულთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზე, რაც, ბუნებრივია, კარგია, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის წინაშე არსებული დღევანდელი პრობლემების და იმ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის გზა, რაც სამწუხაროდ, დღეს გვაქვს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.