გოგა ხაინდრავა: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, რეალურად, რუსული საჯარისო ფორმირებები დგანან, ყველაზე მეტი გონიერება ამ ქვეყანას მართებს

‘ყველაზე დიდი, რასაც რუსეთი იზამს, ვფიქრობ, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და ცნობს ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნო თავის დროზე. ეს იქნება მისი უკან დახევის ზღვარი”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქმე სამხედრო, ცხელ კონფლიქტამდე მივიდეს.
„ყველაზე მნიშვნელოვნით უნდა დავიწყოთ, იმით, რაც მსოფლიოში ხდება. მსოფლიოს ასეთი კრიზისი, ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს. ეს არის პოლიტიკური ისტერია, რომლის მოწმენიც ვართ. ამ პოლიტიკურ ისტერიას 4 ძირითადი მოთამაშე ჰყავს: რუსეთი, აშშ, ნატო და ევროკავშირი. უკვე 2 თვეა, ამ ისტერიის მომსწრენი ვართ. ეს, ჩემი რწმენით, განპირობებულია შიდა პროცესებით, შიდა პოლიტიკური კრიზისებით, რომელმაც ოთხივე სუბიექტი მოიცვა, პირველ რიგში რუსეთი. ვფიქრობ, პუტინის მეფობა დასასრულს უახლოვდება. 30 წელი ხელისუფლების სათავეში ყოფნა მირონცხებულ მეფეებს არ გამოსდიოდათ ხოლმე, მით უმეტეს, პუტინისნაირ პერსონაჟებს. ამიტომ, ნათლად ჩანს, რომ ამ შიდა კრისიზისს დასალევად, რომელსაც ეკონომიკური შემადგენელიც აქვს, როგორც წევრი ეს ქვეყანა და არა მარტო ეს ქვეყანა, შიდა კრიზისის დასაძლევად გარე ბლიცკრიგების ჩატარებას იყენებს ხოლმე. ეს კუნთებით თამაში, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს და მთელს მსოფლიოს ემუქრება, ჩემი აზრით, მაგისთვისაა. თუმცა, ბუნებრივია, სხვა ამოცანებიც აქვს. ყველანი ვხედავთ, რომ აქეთაა ერთი რუსეთი და იქითაა მთელი, დანარჩენი დასავლური სამყარო: ნატო, ევროკავშირი აშშ. ეს მდგომარეობა, როცა ის დანარჩენ მსოფლიოს მარტო უპირისპირდება, მისი მოსახლეობის თვალში დიდი წარმატებაა. ეს ყოველთვის ასე იყო. რუსებს აქვთ ეგეთი თვისება, „დერჟავა“.
ახლა რაც ხდება, ეს ბლეფი პოკერს უფრო ჰგავს, ყველა მოთამაშე რეალურად ბლეფობს. ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერმა სამხედრო დაპირისპირებამ, შეიძლება, ბირთვული ომი გამოიწვიოს. ბირთვული ომი პლანეტის დასასრულია. არ მგონია, რომელიმე მოთამაშეს ასეთი მიზანი ჰქონდეს, თუნდაც პუტინს, მით უმეტეს, მის გარემოცვას, რომელიც ამ ათწლეულების განმავლობაში არანორმალურად გამდიდრდა. ბუნებრივია, ყველაფერს გამოიყენებენ იმისათვის, რომ თავის სიმდიდრე შეინახონ და გამოიყენონ. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქმე სამხედრო, ცხელ კონფლიქტამდე მივიდეს.
მეორე მხარე, რაც დიდი კითხვის ნიშნებს იწვევს: მე არ მესმის, სად და რა მიზნით უნდა ჩაატაროს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია. რაღაც ამოცანა უნდა იყოს. რა ამოცანა უნდა დაუყენოს რუსეთმა თავის ჯარს, ძნელად წარმოსადგენია. რა უნდა აიღოს? ის, რაც უკრაინაში სჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მითვისებული აქვს. პირველ რიგში, ყირიმი და ამის შესახებ აღშფოთების მეტი არაფერი გაგვიგია. დონბასი და ლუგანსკი რეალურად რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რეალურად, იქ ჯარის შეყვანა არც სჭირდებათ. იარაღითაა გაძეძგილი იქაურობა.
ახლა მუქარების ომი მიდის. ესენი იმათ ემუქრებიან, ისინი ამათ. არა მგონია, რომ სამხედრო ძალის გამოყენება უკრაინაში გონივრული ნაბიჯი იყოს, მით უმეტეს, როცა მიზანი არ არსებობს. ყველა ინტერესი ისედაც უკვე განხორციელებული აქვს.
რუსეთმა ძალიან შეტოპა თავის მუქარებით და უკან გამოსვლაც ძნელია. როდესაც მსოფლიოში ასეთ პრეტენზიას აცხადებ, მერე რაღაც უნდა მოიმოქმედო. ყველაზე დიდი, რასაც რუსეთი იზამს, ვფიქრობ, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და ცნობს, ისევე როგორც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნო თავის დროზე. ეს იქნება მისი უკან დახევის ზღვარი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, რეალურად, რუსული საჯარისო ფორმირებები დგანან და ყველაზე მეტი გონიერება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს მართებთ.

„საქართველო ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია  იმიტომ, რომ რუსეთისთვის ყველაზე მარტივი ლუკმაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, რეალურად, რუსული საჯარისო ფორმირებები დგანან, თბილისიდან 30 კილომეტრში არიან და მათი ტანკების ლულები თბილისისკენაა მიმართული. იგივეა აფხაზეთში. ფოთის აკვატორიაში, ნეიტრალურ წყლებში რუსული სამხედრო გემებია განლაგებული და რეალურად რუსეთის სამხედრო მანქანას, დაახლოებით, 45 წუთიდან საათ-ნახევრამდე სჭირდება იმისათვის, რომ საქართველოს ირგვლივ სრული კონტროლი დააწესონ. ყველაზე მეტი გონიერება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს მართებთ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. დღეს გამძვინვარებულ ჰიბრიდულ ომს ქართული პროპაგანდისტული დაწესებულებები აწარმოებენ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ცდილობენ, ყველანაირად შეარყიონ, დაანგრიონ ეს ქვეყანა. ცდილობენ, საზოგადოებაში მორალი მოსპონ, ამით საზოგადოების და ქვეყნის დემორალიზაცია გამოიწვიონ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ნელ-ნელა საკუთარ თავს ვჭამთ. მადლობა ღმერთს, ეს საზოგადოების უმრავლესობა არაა. არსებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავის ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში პირდაპირაა ჩართული. საკუთარ თავს მიზანმიმართულად ვჭამთ. მთელს მსოფლიოში ვქმნით ისეთ სურათს, რომ ეს აბსოლუტურად დეგრადირებული ქვეყანაა. საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე მთელს მსოფლიოში, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში ამდენი ჩივილი გვესმის, ეს წარმოუდგენელია. ვგულისხმობ ყველას, ვინც დღეს თავის თავს ოპოზიციას ეძახის. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, მათთვის საქართველო და სამშობლო „ქართული ოცნებაა“, იმის იქით ვერაფერს ხედავენ. „ ქართულ ოცნებას“ ებრძვიან და სინამდვილეში ეს „ქართული ოცნება“ დღესაა და ხვალ აღარ. მთელი ეს ნაგავი, რომელიც აქედან იქით მიდის, საქართველოზე, ყველა ჩვენგანზე, ოჯახებზე, ჩვენს შვილებზე მომავალზე ილექება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები