გიორგი ხელაშვილი: გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას მიღებული გზავნილები მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს და „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას

„გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას მივიღეთ ძალიან კარგი, მხარდამჭერი გზავნილები, რაც მთლიანად ემთხვევა როგორც ჩვენს მოლოდინებს, ასევე, „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას როგორც უკრაინასთან, ისე, რეგიონთან და ისე ნატოსთან მიმართებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გაერთიანებულ სამეფოში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შეფასებისას, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რეგიონული კონფლიქტისა და საქართველოს მიმართ გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებულება.

„შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება რეგიონული კონფლიქტის, ასევე, საქართველოს მიმართ.

საინტერესო იყო მოსმენა, თუ როგორ უყურებს დიდი ბრიტანეთი რეგიონულ კონფლიქტებს და ასევე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური წევრია, რომელიც ვითარების დეესკალაციას და უკრაინის დახმარებას ცდილობს და ყველაზე უფრო ერთგულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების. ეს იყო ძალიან კარგი, მხარდამჭერი გზავნილები მათი მხრიდან, რაც მთლიანად ემთხვევა როგორც ჩვენს მოლოდინებს, ასევე, „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას როგორც უკრაინასთან მიმართებით, ისე, რეგიონთან მიმართებით და ისე ნატოსთან და, უფრო კონკრეტულად, დიდ ბრიტანეთან მიმართებით”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება, ასევე, დემოკრატიის განმტკიცებაზე, ბიზნესის განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გამახვილდება.

„შეხვედრების ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და ბიზნესის განვითარება – მეტი ბრიტანული ინვესტიცია საქართველოში. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განვიხილავთ ჩვენს რეგიონულ პრობლემებს, უკრაინის კონფლიქტს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეგვიძლია, ერთად, მოვახდინოთ კონფლიქტის დეესკალაცია და საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღარ არის ევროკავშირის წევრი, აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში”,- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები