დიმიტრი ხუნდაძე: თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს

„თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ამის ლობისტი, რა თქმა უნდა იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მე ამის ხმამაღლა გაცხადების ოპტიმიზმს მაძლევს ასევე საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რომ საზოგადოების მიმღებლობა ამ კუთხით არის ძალიან მაღალი.

ნაკლები მწეველი და მეტი ჯანმრთელი მოქალაქე – ეს იმ ქვეყნის აუცილებელი პირობაა, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები და ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ვიყვანთ ვალდებულებას, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და თამბაქოს ზიანი იქნეს მაქსიმალურად შემცირებული”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს კომიტეტში გამართულ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების საკითხი განიხილეს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამ საკითხებში არის არა თუ თანამოაზრე, არამედ პოლიტიკის წარმმართველი და ყოველდღიურად ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ერთ-ერთი წარმატებული და საჭირო პროექტია, რომელსაც უკვე მესამე მოწვევის პარლამენტი წარმატებით ახორციელებს და მისი ინპლემენტაციის გზაც არის წარმატებული, რაზეც დღეს წარმოდგენილი პროექტიც მეტყველებს. საკითხზე „თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვა – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების შუალედური ანგარიში, პრობლემები, გამოწვევები, სიტუაციური მიმოხილვა” სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესი არის მთავარი გზა მთელი რიგი დაავადებების პრევენციისა და თავიდან აცილების კუთხით, ამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის აღსრულებისთვის განსაზღვრულ ყოველ კანონქვემდებარე აქტს. კანონმა დაადგინა საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ვალდებულება, შესაბამისად, განისაზღვრა ამ წესის შემუშავების ვადაც. საკითხი ეხება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობას და თვალსაჩინოების გაზრდას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობების შემცირების მიზნით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა აიკრძალოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის – „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ” წარმოდგენილი ტექნიკური რეგლამენტის პროექტიც. თამარ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან, ასევე ასახულია 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. შემოთავაზებული პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.

აქცენტი კეთდება თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებაზე, თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრაზე, მომხმარებელში იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებაზე, თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის, მისი ეფექტიანობის გაძლიერებაზე. „მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს მწეველობის მაჩვენებლების შემცირების ხელშეწყობას და ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენლის შეფასებით ძალიან დროულია, რომ საქართველო ამკაცრებს ნაბიჯებს, ვინაიდან თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვა, პიქტოგრამებთან კომბინაციაში, შეამცირებს მიმზიდველობას, განსაკუთრებით ბავშვებში. მან საქართველოს ასევე მიულოცა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დეკემბერში მიიღო პარლამენტმა და რომლითაც მოწევა, მათ შორის, ტაქსიში იკრძალება. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური და პოზიტიური ჩართულობის გარეშე ეს პროცესი ასე სწრაფად და პოზიტიურად ვერ წარიმართებოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის, რაც იმის იმედს იძლევა, რომ თამბაქოს ზიანი ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება შემცირებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქპატენტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები