იაგო ხვიჩია: ხომ გაგიგიათ – „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ – ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ლელოსა“ და „ლეიბორისტებისათვის“ დაფინანსების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.
„დასჯაც შეიძლება იყოს, მაგრამ რატომ უნდა გაიხადო თავი ასე? ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს კოლეგებს, როცა დალაგდნენ და სიმაღლის მიხედვით მიდიოდნენ სიების ჩასახსნელად ხელმოწერაზე. იმ თავმჯდომარეებმა ჩახსნეს სიები, ვინც თვითონ შემოვიდნენ მერე პარლამენტში. ახლა გამოვიდა, რომ მათი ქმედებების გამო მათი თანაგუნდელები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, განცხადებაც კი არ დაუწერიათ ამის შესახებ, ვერ შემოდიან. ამ თვალსაზრისით არის უსამართლო და არაკონსტიტუციური, რომ შენს ნაცვლად მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება. მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ, ვაშაძემ მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე ჩაეხსნა „ნაცმოძრაობის“ სია, მერე თვითონ შემოვიდა პარლამენტში და სხვები ვერ შემოდიან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ოპოზიციაში მაინც არავის უნდა აღიარება, რომ არასწორი იყო ამის გაკეთება.
“ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, დაახლოებით ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას. ჩვენ როცა ვეუბნებოდით, მაშინაც არ გვპასუხობდნენ. ახლა დადგა ეს ფაქტი, რეალურად შევეჩეხეთ ამას პირისპირ და მაინც არავის უნდა აღიარება, რომ არასწორი იყო ამის გაკეთება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.