გიორგი ვაშაძე – მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე: შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება.
“პირდაპირ გეტყვით, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ლევან დავითაშვილი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოახდენს დიდ გარღვევებს ახალი მინისტრი. სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება, შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ეს არის რაღაც შიდა ტექნიკური გადაადგილება და მეტი არაფერი. მოდიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.