განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმას და დანართს– 2022-2024 წლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დოკუმენტი დავამტკიცეთ ერთხმად, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი არის ის ადგილი, სადაც მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, ვახერხებთ განათლების დიად მიზნებზე და საკითხის ირგვლივ გაერთიანებას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა. პარლამენტის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა და დანართი კომიტეტმა ორდღიანი გასვლითი სხდომის ფარგლებში შეიმუშავა. დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია – „ქართული სალიტერატურო ენის შესახებ – ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად”.

პეტიციაში მოთხოვნილია სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დასაქმდეს და ქართული სალიტერატურო ენის დაცვას, ენის მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ენათმეცნიერმა იოსებ ლებანიძემ. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული პეტიცია განსახილველად სახელმწიფო ენის დეპარტამენტს გადაეგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები