ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 5 ივლისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა 3 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
უფლებადამცველის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.