Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურზე“ შეუნარჩუნა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეფექტური და სანდო პოლიტიკის ჩარჩო და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს.

Fitch-ის მიხედვით, ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკრო სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება. საკრედიტო კუთხით ეს ძლიერი მხარეები ბალანსდება სახელმწიფო ვალის არსებითი სავალუტო რისკებით, მაღალი ფინანსური დოლარიზაციითა და იმავე რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო სექტორის ფინანსებით.

სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს.

„სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, რვა პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე გაზარდა. ჩვენ მოველით, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2022 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს. მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ შვიდ პროცენტიან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6 პროცენტის შემდეგ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგზე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის უარყოფითი გავლენა ბალანსდება ძლიერი და თანმიმდევრული მაკრო პოლიტიკით.

„საკრედიტო რეიტინგზე ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა გულისხმობს საქართველოს მაკრო პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის, სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოსა და ფრთხილ ფისკალურ სტრატეგიას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ, ისტორიულად, საგარეო შოკებისადმი, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“, – აცხადებენ Fitch-ში.

წყარო:1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები