დავით სონღულაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ფრანგული ბიზნესასოციაცია MEDEF International-ის და საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის საფრანგეთში ვიზიტი, სადაც არაერთი შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და სენატორებთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული” დიალოგის მნიშვნელობას და ამ დიალოგის ფორმატში საპარლამენტო მიმართულების გააქტიურებას. დავით სონღულაშვილმა და დიეგო კოლასმა ასევე ისაუბრეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სენატის წევრების საქართველოში მომავალი ვიზიტის განხორციელებაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მზადყოფნა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები