შესაძლოა თუ არა სააკაშვილის იძულების წესით დაკითხვა – იურისტის განმარტება
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ მოწმის იძულების წესით დაბარება სასამართლო ოქმის საფუძველზეა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. თუმცა, კანონის ეს ნორმა სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე არ ვრცელდება. საია-ში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, შუამდგომლობით მიმართოს იმ ქვეყანას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და მისი ადგილზე დაკითხვა მოითხოვოს, თუმცა თუ თავად მოწმე უარს იტყვის, მისი იძულების ან ქვეყანაში ჩამოყვანის არანაირ მექანიზმს საერთაშორისო კანონმდებლობა არ ცნობს, თუ პირი ბრალდებულად არ გამოცხადდა.
“სხვა ქვეყნიდან მოწმის იძულებითი ჩამოყვანის პროცედურა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს, ამას არც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სფეროში თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობა განსაზღვარვს, რომ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება მოწმის მიმართ არ შეიძლება. იძულებით ჩამოყვანა და საერთაშორისო ძებნა ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ წარდგენილია ბრადება და მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – აცხადებს საიას წარმომადგენელი მაია ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.