რუსთავის სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ბრალდებას არ ეთანხმებოდა.

„არ მჯერა თქვენი სამართლის და ამ ფარსში არ მივიღებ მონაწილეობას. თავისუფლება მიშას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ცნობისთვის, საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები