“საპარტნიორო ფონდი” – “მთავარ არხს”: მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

“საპარტნიორო ფონდი” ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასა და მის რემონტს ეხებოდა, ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში ფონდთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა, რადგან “საპარტნიორო ფონდს” არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნული საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებთან.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისა და მისი რემონტის შესახებ.
ვაცხადებთ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ არც ამ შენობასთან და არც მის სარემონტო სამუშაოებთან არავითარი კავშირი არ აქვს (აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ თავად არხის ჟურნალისტიც იყო ინფორმირებული ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ). შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები სრული სიყალბეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას.
მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე – ფონდის პროექტებისა და საქმიანობის თაობაზე სასაუბროდ არაკომპეტენტური, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის შერჩევისგან (ვგულისხმობთ წინა ხელისუფლების დროინდელ ჩინოვნიკ ირაკლი გიორგობიანს), რათა, პირველ რიგში, დაცული იყოს არხის მაყურებელთა უფლება, მიიღონ მართებული ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, არ მოხდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის უსაფუძვლო და არასწორ კონტექსტში მოხსენიება.
თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდი“ ყოველთვის მზად არის ფონდის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მააწოდოს როგორც მედიასაშუალებებს, ასევე – ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები