ავთანდილ ცინცაძე: არავის მივცემთ საშუალებას მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს – ყველა ტყუილს საკადრისი პასუხი გაეცემა

დღეს ბარათაშვილის გამზირის მიმდებარედ, ისტორიულ გალავანთან არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ვიხილეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ დადგმული შოუ, თუ როგორ “მახინჯდება” ისტორიული გარემო. როგორც ჩანს, პარტიული დავალება აქვთ რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ და თბილისის მერიის საქმიანობას რამენაირად ზიანი მიაყენონ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის ისტორიულ გალავანზე, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2009 წელს, – ამის შესახებ ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველა ტყუილს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რადგან მოსახლეობა არ იყოს შეცდომაში შეყვანილი.

“სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის ისტორიულ გალავანზე, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2009 წელს. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი კოლეგები თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ. დღეს კი, 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხს სთხოვენ თბილისის ახლანდელი მერიის ადმინისტრაციას.

მერია მუშაობდა კომპანიასთან პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით, რადგან ისტორიული ადგილას ამ არქიტექტურისა და მასშტაბის მშენებლობას მიზანშეწონილად არ თვლიდა. დაიწყო მოლაპარაკებები ნებართვის მფლობელთან პროექტის კორექტირებასა და ბოლო სართულის მოხსნაზე.

მერიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა სართულის დემონტაჟზე, კომპანიას შესრულებული არ აქვს. იმ შემთხვევაში თუკი სამუშაოები მერიასთან შეთანხმების გარეშე გაგრძელდება, დადგება ნებართვის მთლიანად გაუქმების საკითხი.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგს კვლავ წარმოადგენს სიცრუე, ცილისწამება და საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება, თუმცა არავის არ მივცემთ საშუალებას მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და ყველა ტყუილს საკადრისი პასუხი გაეცემა”, – წერს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები