გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილი ამ ქვეყნის კანონებს და წესებს უნდა დაემორჩილოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისი ინფორმაციით სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იბარებენ. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სააკაშვილი გაცნობიერებს მის მოქალაქეობრივ ვალს და იმას, რომ ის ამ ქვეყნის კანონებს უნდა დაემორჩილოს.
„მახსოვს ეს გრძელი ეპოპეა დაბარების, შემდეგ სკაიპის, შემდეგ ამ თემის ფართოდ გაშლის. ჩვენ ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოწმედ იბარებენ. მე არ მგონია, ამ საკითხზე ასეთი ვნებათაღელვა ბუნებრივია.
პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს. მე იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის კანონებს და წესებს უნდა დაემორჩილოს, ხოლო მეორეს მხრივ, სამართლადამცავი ორგანოები იქნებიან უაღრესად ფრთხილნი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.