ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

2022 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე, დააკმაყოფილა, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულებს: გ.მ.-ს, დ.შ.-ს და ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ, ქრთამის აღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

“საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ახდენდნენ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე, კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ქრთამის სახით ფულადი თანხების შეგროვებასა და აღებას.

ბრალდებულ – გ.ს.-ს ბრალად ედება, თაღლითობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

საქმის მასალების მიხედვით გ.ს. მოქალაქეს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა თითქოს მისი ნაცნობების მეშვეობით დაასაქმებდა სატრანსპორტო კომპანიაში.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილებას.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 23 მარტს, 12 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები