სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში – ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
,,აქ ყველა შევიკრიბეთ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. საქართველოს სირცხვილია, რომ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმრის სახით იმყოფება ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა, ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ხედავს, რა ხდება მსოფლიოში და როგორ სჭირდება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს მიხეილ სააკაშვილი. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კოჭი გაუგოროს რუსეთს და სააკაშვილის პატიმრობა არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ივანიშვილი აკეთებს პუტინის საქმეს საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან ,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.